X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

28 მაისი 2026

,,დღეს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე საგზაო სამუშაოები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესები დავათვალიერეთ. ვიმყოფებოდით ონის შესასვლელში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. აქტიურად ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები და გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება''- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რაჭასა და იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.

რევაზ სოხაძე საჩხერის მუნიციპალიტეტში გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე იმყოფებოდა, სადაც ჯამში თითქმის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოების ელემენტები, წყალარინების სისტემა და საყრდენი კედლები.

,,დავათვალიერეთ საჩხერეში მიმდინარე საგზაო სამუშაოები. გვაქვს გარკვეული ჩავარდნა ერთ-ერთ კონტრაქტორთან, არსებული შეფერხებების გამო სამუშაოები დაგვიანებულია, მას განესაზღვრა  კონკრეტული ვადები. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები’’-განაცხადა სოხაძემ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების მეწყერსაწინააღმდეგო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის გზაზეც. პროექტების ფარგლებში ეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი და ხიმინჯოვანი კედლები, რაც უზრუნველყოფს გზის ვაკისის სტაბილიზაციასა და უსაფრთხო გადაადგილებას.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო ქალაქ ონთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოებს, ასევე მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის პროექტს, რომელიც საჩხერე–რაჭის ახალ გზას ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა სოფელ კურსებთან მიმდინარე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე უსაფრთხო და უწყვეტი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. მისი განცხადებით, კურსებში განვითარებული მეწყერული პროცესებიდან გამომდინარე იქაც ანალოგიურად ეწყობა დროებითი  სამანქანო გზა და უკვე დაწყებულია კაპიტალური გზის დაპროექტება, რომელიც უკვე მუდმივად მოემსახურება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.